თეგი: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს.  „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. უფრო ადრე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-ს, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მედია: საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა

მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისს განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.   24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.

ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენაზე ინფორმაციას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენის დეტალებზე წერს. როგორც სააგენტო წერს, მიგრანტები, რომლებიც ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ შუა ოკეანეში.    „ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, 28 აგვისტოს 10 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები, მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.   ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი,“ - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.